სომხეთის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ახალციხეში– დღეს იური ვარდანიანი ქალაქს ესტუმრა და რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ცხოვრების მდგომარეობით დაინტერესდა. ელჩთან ერთად სათვისტომო მოინახულეს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრებმაც.
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იური ვარდანიანს, სათვისტომოს წევრები ახალციხის შემოსასვლელში დახვდნენ. სახელმწიფო წარმომადგენელი და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრები მათ მიესალმნენ, რის შემდეგაც დელეგაციამ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. აკაკი მაჭუტაძისა და იური ვარდანიანის შეხვდრა მედიისათვის დახურული იყო. გუბერნიაში ვიზიტის დასასრულს, სომხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მდგომარეობისა და აუცილებელი პირობების შესახებ, მან გუბერნატორს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ელჩის ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა მხარის გუბერნატორმაც. აკაკი მაჭუტაძის თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც ელჩი სომხური სათვისტომოს მდგომარეობით დაინტერესდა. გუბერნატორის განმარტებით, სომხეთის წარმომადგენელთან კონსტრუქციული საუბრების დასაწყებად მზად არის.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან ერთად, ახალციხეს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრებიც ესტუმრნენ. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის ახალი წინამძღვარი მრევლს ოფიციალურად წარუდგინეს. ტაძარში ეთნიკურად სომეხმა მოსახლოებამ სასულიერო და საერო პირებს მათი ცხოვრებისა და პირობების შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრნენ, ასევე გააცნეს პრობლემური საკითხებიც.
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იური ვარდანიანი თანამდებობაზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაინიშნა. როგორც თავად განმარტავს, სათვისტომოს მდგომარეობის გასაცნობად და პრობლემური საკითების მოგვარების მიზნით სამცხე–ჯავახეთს ხშირად ესტუმრება.
|