დღეს, 27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
27იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა.
იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.
წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მან თან შემოიტანა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი.
წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.
27 იანვარს ნინოობა აღინიშნება ქართულ კათოლიკურ ეკლესიებშიც. რამდენიმე წლის წინ მორწმუნეებმა იგი ქართველ კათოლიკეთა მფარველად აღიარეს.
ამ დღეს განსაკუთრებით ბოდბეში აღნიშნავენ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში ტაძრის დღესასწაულს არალში ზეიმობენ.