გიორგი კოპაძემ, მოსამართლე გია ბერაიას 23 მარტის
გადაწყვეტილება, მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრა. ახალციხის რაიონულ
სასამართლოში ამბობენ, რომ ქალაქის მერმა საჩივარი 4 მაისს
შეიტანა, მათგან კი სააპელაციო სასამართლოს, დღეს, 10 მაისს
გადაეგზავნა. ქალაქის მერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი
მოსამართლე ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ გოგოლაურის მოთხოვნა – გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ქალაქის მერს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
|