იარაღის უკანონო
შეძენა–შენახვისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე,
პროკურატურამ გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო
შეწყვიტა – უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
განმარტავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო მოკვლევა
ჩატარდა, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.
გიორგი კაპანაძის უფლებების დამცველი ირაკლი ბარძიმაძე აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის დამამტკიცებელი არაერთი სამხილი დევს. გარდა იმისა, რომ ექსპერტიზამ ცემის ფაქტი დაადასტურა, არსებობს ქვითრები, რომელიც ამოწმებს, რომ პოლიციის შენობიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
“განმცხადებლები ჩვენ ვართ. განმცხადებელს უნდა
ჩაბარებოდა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რაც ჩვენ არ
მიგვიღია. ის, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება – ტყუილია.
საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა მსუბუქ დაზიანებაზე, არსებობს
სასწრაფოს გამოძახების ქვითრები, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციის
შენობიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ნაცემი და
მომაკვდავი პიროვნება 12:00 საათზე პოლიციის შენობაში
იმყოფებოდა. მათ კი ოქმი გააყალბეს, რომ თითქოსდა გიორგი კაპანაძე
პოლიციის შენობაში პირველ საათზე შეიყვანეს. ასევე, არსებობს
თავად მსრჯავდებულის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს რომ
სამართალდამცველებმა სცემეს. ეს ნიშნავს, რომ საქმეზე ძიების
შეწყვეტის დადგენილება არასრულყოფილი და მიკერძოებული იქნება.
გამოდის, რომ პოლიციას შეუძლია გვცემოს, შემდეგ კი
პროკურატურამ დანაშაული დაფაროს. ჩვენ ვართ
დაუცველები. 
მივიღებთ დადგენილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ერთი კაცი არ დარჩება, ვინც აღნიშნულზე პასუხს არ აგებს” – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, თეიმურაზ კალანდაძეს და მის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე კენჭოშვილს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ საქმეზე ძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა უწყებამ გამოძიება მალევე შეწყვიტა.
თიკო კურტანიძე
|