"დაკავებისას პოლიციის შენობაში მცემეს" - ალექსი დევნოსაძის საქმე
20:47 / 04.04.2019
ქურდობასა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დაკავებული ალექსი დევნოსაძე, სამართალდმცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ბრალდებულმა ამის შესახებ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 4 აპრილს, სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ზეწოლას ამ დრომდე ახორციელებენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი მხოლოდ წელიწადნახევრიან პატიმრობას ჰპირდებიან.
ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან დარღვევას ადგილი - შსს-ში ამბობენ, რომ მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს.
"დაკავებულის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, რომელიც იძიებს ა.დ.-ს უფლებადამცველის მიერ მოყვანილ ფაქტებს", - წერია უწყების განცხადებაში.
დაკავებული საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებების - მათ შორის თითის ანაბეჭდის გაყალბებაში ადანაშაულებს.
ალექსი დევნოსაძე ორი ბრალდებიდან მხოლოდ ერთს - ნარკოტოკების შეძენა-შენახვა-მოხმარებას აღიარებს, ქურდობას კი გამორიცხავს.
საქმე ეხება ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 2018 წლის 2 ოქტომბერს მომხდარ ქურდობას. დაზარალებულის სახლიდან 6 000 ლარამდე ღირებულების ოქროს ნივთები და ტანსაცმელი გაიტანეს.
დღეს სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმეები - დაზარალებული და ის ოქრომჭედელი დაკითხეს, რომელიც ამბობს, რომ დევნოსაძემ ოქროს ნივთები მასთან ჩააბარა. დავით გოგოლაძის თქმით, ბრალდებულისგან შეძენილი 130 ლარის ღირებულების ნივთები ჟურნალში არ აღრიცხა. ოქრომჭედელმა განაცხადა, რომ ბრალდებულს არ იცნობს და მხოლოდ მაშინ ნახა, როცა ხაშურში მისგან ოქროს ნივთები ჩაიბარა.
ალექსი დევნოსაძე კი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ოქრომჭედელს კარგად იცნობს, დაკავებამდე ხშირად კონტაქტობდნენ და მასთან ერთად მარიხუანაც კი მოუწევია. ოქრომჭედელმა აღნიშნული უარყო.
დღესვე სასამართლომ ალექსი დევნოსაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. პროკურატურამ პატიმრობაში დატოვება, ადვოკატმა კი 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მოწმეების დაკითხვა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 30 აპრილს ჩაინიშნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.