მეზობლისთვის მჟავის შესხმის გამო, მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მ.ქ–ს განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლე გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ადიგენის სოფელ კახარეთის მკვიდრია. ბრალდების მხარის მტკიცებით, მ.ქ. მეზობელს სახელში მჟავა შეასხა. შემთხვევა 2018 წლის 22ოქტომბერს მოხდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავდა.
"პატიმარი ბრალს რა თქმა უნდა არ აღიარებს იმიტომ, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ვაპირებთ განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას. სასამართლოს მტკიცებულებად ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება აქვს, მხოლოდ ამას დაეყრდნო მოსამართლე. ბრალდებულის ჩვენებას ფაქტობრივად აბათილებენ. ჩვენ ვიტყოდით, რომ არასწორი სასამართლო გვაქვს", - გვითხრა ადვოკატმა.
გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.