პოლიცია ახალქალაქში ჩხუბის გამო, ენზელ მკოიანის შვილით დაინტერესდა
19:26 / 06.11.2019
როდის დატოვა საქართველო და როდის დაბრუნდა ქვეყანაში ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის შვილი - ამით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მისი შვილის პასპორტი პოლიციამ შეამოწმა.
„ჩემი ერთი შვილი დიდი ხანია ერევანშია, მეორე 30 ოქტომბერს წავიდა და 4 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში. მის პასპორტში ამ თარიღის ბეჭედიც არის, საზღვრის გადმოკვეთისას რომ ჩაურტყეს. პასპორტი პოლიციას მივეცით და ეს ყველაფერი ნახეს“.
საქმე ეხება ორ ნოემბერს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ენზელ მკოიანის ძმის შვილს ცენტრალური გზა მანქანით ჰქონდა გადაკეტილი, როცა ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა გაიარა. 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მკოიანს გზის დათმობა სთხოვა, რამაც დეპუტატის ძმის შვილი გააღიზიანა. მან და მისმა სამმა მეგობარმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ჩხუბი დაუწყეს.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 23 წლის მამაკაცმა, მკოიანსა და მისი მეგობრებს სცემა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ახალქალაქის ჰოსპიტალში ამბობენ, რომ იმ პერიოდში, მათთან შეყვანილ დაშავებულებს, დაზიანებების მიზეზად ჩხუბი არ დაუსახელებიათ.
მომხდარზე საუბარი არ სურს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც მკოიანებთან დაპირისპირება მოუწია. "მეცხრე არხს" არც დეპუტატის ძმის, მარდუნ მკოიანის სახლის კარი გაუღეს.
მარდუნ მკოიანის სახლი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მელიქ რაისიანი ერთადერთია, ვინც ინცინდენტზე ხმამაღლა ლაპარაკი გაბედა. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ „მკოიანების კლანი“ დაუსჯელობის გამო ასე ხშირად იქცევა.
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი „მეცხრე არხის“ კითხვებმა გააღიზიანა. ენზელ მკოიანი უარყოფს, რომ ჩხუბში მისი შვილი ან ძმიშვილი მონაწილეობდნენ და ეს ოპოზიციის მხრიდან მისი ანტიპიარის ნაწილია.
„მე ვიცი, რომ ორმა მეგობარმა ერთმანეთში იჩხუბა, მაგრამ 15 წუთში მოაგვარეს. იქ ჩემიანი არავინ იყო. არასწორი ინფორმაციაა, ენას ძვალი არ აქვს, რასაც უნდა იმას ამბობენ. ეს არის მელიქ რაისიანის პროვოკაცია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ამისთვის რაისიანი ოდესმე პასუხს აგებს“, - გვითხრა ენზელ მკოიანმა.
მომხდარს ახალქალაქის რაიონული სამმართველო იკვლევს. სამართალდამცველებს ჯერ არც ჩხუბის მონაწილე დაუკავებიათ და არც დაზარალებულად ჰყავთ ვინმე ცნობილი. უწყებაში არც იმაზე გაგვცერს პასუხი, მოხდა თუ არა მკოიანის შვილისა და ძმიშვილის გამოკითხვა, ან რატომ დაინტერესდნენ პასპორტით.
შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.