სამართალი
ძარცვისთვის დაკავებულ მოზარდებს, აღკვეთის სახით პატიმრობა და გირაო შეეფარდათ
ახალციხის სოფელ აწყურში, მაღაზიის ძარცვის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნების აღკვეთის ღონისძიებაზე, მოსამართლემ დღეს, რვა თებერვალს იმსჯელა. პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად ორივე არასრულწლოვნისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს, თითოეულისთვის 1 000 ლარის ოდენობით.
მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2003 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა, 2004 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს კი 3 000 ლარიანი გირაო.
"ჩვენ მოვითხოვეთ ათას-ათასი ლარი, სასამართლომ 3 000 შეუფარდა, მეორეს პატიმრობა. ერთ მოზარდს უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, სხვა მიმდინარე საქმეში მხილებულია. ამან იქონია გავლენა, რომ პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, მაგრამ მოსამართლემ რა აქცენტებიც გააკეთა დაახლოებით, ეს არის აღკვეთის მიზეზები", - გვითხრა ადვოკატმა პაატა მანველიშვილმა.
შემთხვევა ექვს თებერვალს, გამთენიისას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა.
გააზიარეთ :