ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდების 2 მოწმე ახალციხისა და ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები გელა მურადაშვილი და ლავროსი გამსახურდია დაიკითხნენ.
მოწმეებმა არმენ ნალბანდიანის დაკავების მომენტი გაიხსენეს. მათ განმარტეს, რომ ბრალდებული დაკითხვაზე ღამის სამ საათზე თავად მივიდა. თუმცა ნალბანდიანმა სამართალდამცველები ვერ ამოიცნო და განაცხადა რომ მათ პირველად ხედავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ბრალდებულების ადვოკატმაც გააკეთა. მაიზერ ბაბლუანი ირწმუნება, რომ ნალბანდიანი დაკითხვაზე ნებაყოფლობით არ მისულა, იგი ნინოწმინდიდან სამხარეო მთავარ სამმართველოში ძალდატანებით გადაიყვანეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს პროტესტის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებაზე განაცხადი აქვთ შეტანილი და ისინი ქვეყნის მოქალაქეებად დარჩენას აღარ აპირებენ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს 15:00 სთ–ზე ჩაინიშნა.
|