ჭაჭარაქიდან 70 -მდე პირუტყვი მოიპარეს
სოფელ ჭაჭარაქიდან 70 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს. დაკარგული ცხოველები ჭაჭარაქის ოთხ მაცხოვრებელს ეკუთვნის. შემთხვევა 30 ივნისს, ღამით იმ საძოვარზე მოხდა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.
ადგილობრივთა ნაწილი ეჭვობს, რომ პირუტყვი მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს. ეჭვის საფუძველს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ცხენის კვალი აძლევთ, რომელიც ნეიტრალურ ზონაში იკარგება.
მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღამით ცხოველები გაიფანტნენ და მათი პოვნა მწყემსებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბე პუნქტით დაიწყო, რომელიც განმეორებით ჩადენილ დიდი რაოდენობით ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
სამცხე-ჯავახეთში, პირუტყვის ქურდობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.