“გაუკუღმართებული ქათმების პარტია”, “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, შეურაცხმყოფელ ფოტოებზე ,,რუსთავი 2–ის“ ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები არიან გამოსახული. პლაკატები ქალაქის რამდენიმე ადგილზე, სავარაუდოდ, გვიან ღამით გააკრეს. აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურნენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში.“ მალხაზ გიქოშვილის თქმით, პლაკატები ეთიკურ ნორმებსა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება.
შსს–ოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მათთან აღნიშნულ შემთხვევაზე შეტყობინება არ შესულა, თუმცა ,,მე–9 არხის“ ინფორმაციის საფუძველზე, ფაქტზე რეაგირება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აქტივისტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში კარი აჭედეს. 22 ოქტომბერს, დილით მისულ თანამშრომლებს კი ოფისის კარი და შესასვლელი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ.
შსს–მ ახალციხეში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაკრულ პლაკატებზე ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლით დაიწყო. აღნიშნული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და 50 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.
|