ახალქალაქის სოფელ გულიკამში ვარდან მირანიანს გლოვობენ
21:05 / 10.08.2020
გულიკამელების მთავარი საზრუნავი ახლა მიცვალებულის დაკრძალვაა, სოფელში სხვა თემაზე არავინ საუბრობს. მედიასთან მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მოკლული ახალგაზრდა საუკეთესო ოჯახის საუკეთესო შვილი იყო.
,,დედა მასწავლებელია, მამა - კარგი მეოჯახე. თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ. ვარდანს ორი ძმა ჰყავს. ექვსი თვის წინ ცოლი მოიყვანა და მამობისთვის ემზადებოდა. ,,ხოფანზე" სოფლის სხვა ახალგაზრდებთან ერთად რუსეთში წასვლასაც აპირებდა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეუშალა. იმ დღესაც ყანაში იყო, კარტოფილს რწყავდა მე რომ დავინახე. იქნებოდა ასე 4 ან 5 საათი" - იხსენებს ადგილობრივი აღასინ მელიქიანი.
8 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, 27 წლის ვარდან მირანიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სოფელ გულიკამისა და ახალქალაქის ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. მერიის წინ დაწყებულ ჯგუფურ ძალადობას ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრილი ახალგაზრდა ემსხვერპლა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ვარდან მირანიანის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოფელ გულიკამიდან 100-მდე ადამიანი ახალქალაქში წამოვიდა და ქალაქში არეულობა დაიწყო. თანასოფლელის მოკვლით განრისხებულმა გულიკამელებმა ცეცხლი ჯერ მკვლელობაში ბრალდებულის სასტუმროს, ხოლო შემდეგ გაბრიელიანის მამისა და ძმის სახლებს წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა დააკავეს სასტუმროს მეპატრონე არტურ გაბრიელიანი, ხოლო ჯგუფური ძალადობის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ყველაფერი კი სამი წლის წინ დაიწყო, ამის შესახებ ახალქალაქში საუბრობენ, თუმცა ვინაობის გამხელა არავის სურს.
,,სამველ გაბრიელიანის სასტუმროში ბიჭებმა ნომრები დაჯავშნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, რადგან მეპატრონეს უთქვამს სასტუმრო არ მუშაობსო, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ბიჭებმა მამის ინტერესები დაიცვეს და ახალგაზრდები საქმის გასარჩევად დაიბარეს. 8 აგვისტოს სოფლიდან ჩამოსულებსა და ადგილობრივებს შორის საქმის გარჩევა, ქალაქის ცენტრში, მერიისა და ,,ქართული ოცნების" ოფისის წინ დაიწყო".
გულიკამელებმა გაბრიელიანის ნათესავისა და მეგობრის კლიმენტ კოზიანის და გენა ზარმარიანის საცხოვრებელი სახლები დაწვეს. ქალაქში არეულობა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო, საპატრულო და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ადგილობრივების თქმით, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე, მოკლულის ახლობლებმა, შურისძიების მიზნით, სასტუმროს დარბევა დაიწყეს: “ჩაამსხვრიეს მინები ბიტებით, ქვებით, ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ. იარაღი მათ არ ჰქონდათ. სცემეს სავარაუდო მკვლელის მამა. შემდეგ ერთ ბიჭს დაესხნენ თავს. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა”.
შეკრებილები მას შემდეგ გაიფანტნენ, რაც პოლიციელებმა ცაში რამდენჯერმე გაისროლეს. მეორე დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 1983 წელს დაბადებული არტურ გაბრიელიანი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. ოთხი გადამწვარი სახლიდან ერთი ზარმარიანების ოჯახს ეკუთვნის. ნარა ზარმარიანი ამბობს, რომ მისი სახლი ბენზინითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა 200-მდე პირმა დაწვა. "სამი წელია ეს კონფლიქტი გრძელდება, ჩემ შვილს არც ერთ მათგანში მონაწილეობა არ მიუღია. ძლივს მოვასწარით სახლის დატოვება, საშინელი ხმაურით მოვიდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ირგვლივ ბენზინი მოასხეს... პოლიცია ვერაფერს აკეთებდა... 30-მდე თანამშრომელი 200-მდე განრისხებული ადამიანის წინაშე რას იზამდა?! პრობლემა ის იყო, რომ პოლიციამ არ იცოდა წინასწარ, სად მიდიოდნენ, ამიტომ მუდმივად აგვიანებდნენ", - ამბობს ნარა ზარმარიანი.
ზარმარიანების გარდა ახალქალაქში გაბრიელიანების კიდევ სამი ნათესავის სახლი გადაწვეს. დანარჩენ დაზარალებულებს მედიასთან საუბარი არ სურთ.
"ყველა ვიცით სახეზე, ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდება... გაგრძელდება ისევ... პოლიციელები მოვიდნენ და სახლი აღწერეს, დაზიანებულ ნივთებსა და ოთახებს სურათები გადაუღეს. ყველა უნდა დაისაჯოს. ჩვენ მარტო იმიტომ დავზარალდით, რომ ჩემი შვილი გაბრიელიანებს იცნობდა", - აცხადებს ხაჩიკ ზარმარიანი.
დაკავებულის ახლობლები და მეზობლები მომხდარს ტრაგედიას უწოდებენ და მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.
,,პოლიციას რომ ნორმალურად ემუშავა, არაფერი მოხდებოდა. არც სახლები დაიწვებოდა. უბრალოდ დავალება ჰქონდათ, მხოლოდ მდგარიყვნენ და ეყურებინათ. აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ, პარლამენტის წინ როცა ხალხი შეიკრიბა თვალები დათხარეს, აქ კი, სომხურ რაიონში ხალხს კინაღამ ერთმანეთი დააწვევინეს. აქ ლამის ომი რომ დაიწყო, ყურიც კი არ შეიბერტყეს. ჩემთვის ორივე მხარე ახლობელია. მე არ მინდა ჩემ ქალაქში ომი დაიწყოს"- ამბობს ახალქალაქის მკვიდრი აღასინ მოსოიანი.
სამართალდამცველების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას კრისტინა მარაბიანიც. ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო ,,ჯეინიუსის" ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციის გულგრილობამ თუ კვალიფიკაციის ნაკლებობამ ყოფითი კონფლიქტიდან ტრაგედია შექმნა.
,,შედეგი ის არის, რომ ერთი მათგანი დაიღუპა და მეორე ციხეში ჩაჯდა. ყოფითი კონფლიქტიდან ტრაგედიამდე მივიდნენ. პოლიციის საქმიანობამ ორივე მხარე გააღიზიანა, მათ შეეძლოთ ისე ემოქმედათ, რომ ვითარება ამ შედეგამდე არ მისულიყო. იდგნენ, ფოტოებს იღებდნენ და არაფერს აკეთებდნენ. ეს ყველაზე ტრაგედიული ასპექტია ამ საქმის. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ. ვერც ერთი ოჯახი ვერ დაიცვეს. ცენტრში იკრიბებოდნენ და არც კი გაამახვილა პოლიციამ ყურადღება. სპეცრაზმმაც არაფერი გააკეთა, სახლები რომ იწვოდა, ისინიც იდგნენ და უყურებდნენ. რისთვის გვჭირდება პოლიცია? იმისათვის, რომ მხოლოდ დაგვაჯარიმონ? მოსახლეობა შეშინებული იყო, რადგან მიხვდნენ რომ აბსოლუტურად დაუცველები არიან. სრულიად შესაძლებელი იყო, ის ახალგაზრდა დღეს ცოცხალი ყოფილიყო. ქალაქის ცენტრში არაერთხელ შეიკრიბნენ ახალგაზრდები და პოლიციამ რეაგირება არც კი მოახდინა. სამართალდამცველების უმოქმედების მაგალითია ისიც, რომ ახალქალაქში ქურდობა გახშირდა - არაფერს აკეთებენ საერთოდ" - აცხადებს კრისტინა მარაბიანი.
მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა.
სიმშვიდის მიუხედავად, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქში 9 და 10 აგვისტოს არანაირი ექსცესი აღარ მომხდარა.
ახალქალაქში პოლიციის ძალები ამ დრომდე რჩებიან. შსს-ს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებები 24 საათიან რეჟიმში ტარდება როგორც ახალქალაქში, ასევე გულიკამში. საგამოძიებო ქმედებები აქტიურ რეჟიმში სავარაუდოდ, ვარდან მირანიანის დაკრძალვის შემდეგ განახლდება.
მანამდე კი, 11 აგვისტოს, ონლაინრეჟიმში, დაკავებული არტურ გაბრიელიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ბრალს განზრახ მკვლელობის ნაწილში არ აღიარებს.
ახალქალაქში დაპირისპირების დროს მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვს ამავე დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარესაც. ყველა გამოძიების დასრულებას ელოდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.