აბასთუმნის რწმუნებულის
პოსტზე, შესაძლოა ვაკანსია გამოცხადდეს. აღნიშნულის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ,,მე–9 არხთან“ საუბრისას
განაცხადა. ზაქარია ენდელაძის თქმით, სასამართლოს განაჩენის მიხედვით
გადაწყდება, დაინიშნება თუ არა აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი. მანამდე
კი აბასთუმნის რწმუნებულის პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებელი
შეირჩევა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი მისი წარმომადგენლის
დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.
,,არ მაქვს სურვილი შევაფასო მომხდარი ფაქტი. არ მინდა ამ საკითხზე ინტერვიუს მოცემა. დაველოდოთ გამოძიების შედეგს.“
დაკავების ფაქტს ეხმაურება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი. მამუკა კალანდაძე ამბობს, რომ გივი ყულჯანიშვილი კურორტ აბასთუმანში გამგებლის წარმომადგენლად 2014 წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა.
„ ჩვენ გაკვირვებულები ვართ ამ ფაქტით. ეს ადამიანი საკუთარი საქმის მცოდნე და განათლებული პიროვნებაა. აღშფოთებულები ვართ, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ეს მოულოდნელია. დეტალებში არ ვართ ბოლომდე გარკვეული და საუბარი ცოტა გვიჭირს“ – განუცხადა „მეცხრე არხს“ კალანდაძემ.
აბასთუმნის მოსახლეობის ნაწილს გივი ყულჯანიშვილი უდანაშაულოდ მიაჩნია, ამიტომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ ფაქტზე კალანდაძე აცხადებს, რომ რწმუნებულის ბრალეულობა–უდანაშაულობის დამტკიცება გამოძიების საქმეა და დეტალებს სამართალდამცველები დაადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი გამოართვა. სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი დაბა აბასთუმანში დააკავეს.
|