მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ
27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ. როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა, გამოძიებამ მათ საქმის 7 ტომი გადასცა.
მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალები მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსაც შეიცავს. დეტალური ინფორმაცია მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც საქმის მასალებს სრულად შეისწავლიან.
ოჯახი და ადვოკატები საქმის მასალებზე წვდომას მედდის გარდაცვალების შემდეგ ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.