"იძებნება აკორდეონი!" - ახალციხეში ვაჟა ნიკოლაშვილის სახლი გაქურდეს
ახალციხეში მესხეთის თეატრის მსახიობისა და ქალაქის კოლორიტის ვაჟა ნიკოლაშვილის სახლი გაქურდეს. მსახიობის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვენახევარში, მისი საცხოვრებლიდან პირადი ნივთები, მათ შორის აკორდეონი დაიკარგა.
"მხოლოდ ის ვიცით, რომ გაქურდეს. დეტალებს არ გვეუბნებიან გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე. ველოდებით, იქნებ ვინმე დააკავონ. შემთხვევით გავიგეთ, რომ უკანა ფანჯრიდან ვიღაც შემძვრალა და მოუპარავს რაღაცები. გამოძიება ამბობს, ვეძებთ და ვმუშაობთ ამ საქმეზეო. იმედია დააკავებენ და გაირკვევა ვინ არის" - განუცხადა "მეცხრე არხს" მესხეთის თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა.
როგორც ვაჟა ნიკოლაშვილის შვილი ანა ნიკოლაშვილი "მეცხრე არხთან" საუბარში ამბობს, საგამოძიებო ორგანოებიდან მითითება აქვს, რომ ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გააკეთოს. მან მამამისის კუთვნილი აკორდეონის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და ამჯერად ამ ინფორმაციით შემოვიფარგლები, ვეძებთ მამას ინსტრუმენტს, რომელსაც ბევრი თქვენგანისთვის სიხარული და მამას თბილი გული მოუტანია...
ვიღაცისთვის მისი ფასი ლარში განისაზღვრება, ჩემთვის კი მოგონებაა ოჯახის რომელიც აღარ მყავს….
წინასწარ მადლობა თანადგომისთვის და გამოხმაურებისთვის
‼️ #იძებნებააკორდეონი ‼️
პ.ს. მპოვნელმა ნივთები შეგიძლიათ დატოვოთ თეატრის ტერიტორიაზე" - წერს ანა ნიკოლაშვილი.
ვაჟა ნიკოლაშვილის სახლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ამ დრომდე ველით.