სამართალი
"იმედიდან" გათავისუფლებულმა ექიმმა კლინიკას დავა მოუგო
ახალციხის კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული ექიმის ვიოლეტა ინასარიძის საქმეზე მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა გადაწყვეტილება გამოცხადა, რომლის თანახმადაც ექიმის მიერ შეტანილი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ისინი კლინიკისგან სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და მორალური ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვდნენ.
"განაცდურის ოდენობაც დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარი დაეკისროს საავადმყოფოს. აღდგენაზე უარი გვითხრა, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ 1800 ლარი დააკისრა კლინიკას",- განუმარტა "მეცხრე არხს" ბონდო ვათიაშვილმა.
ექიმი კლინიკა "იმედს" უკანონო გათავისფლებას თითქმის ერთი წელია ედავება. ვიოლეტა ინასარიძე ადმინისტრაციამ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლა. თუმცა ამას წინ უძღვოდა ახალციხეში ექთნის გარდაცვალება, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კომაში ჩავარდა. ამცრელი კაბინეტის ექიმი სწორედ ვიოლეტა ინასარიძე იყო. კლინიკა "იმედი" მის გათავისუფლებას ექთნის გარდაცვალებასთან არ აკავშირებს.
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად კლინიკის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი კიდევ ერთი მედიკოსი - ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური. დამწყები რეანიმატოლოგი ბექა ლიპარტელიანი კი შემთხვევის შემდეგ სამედიცინო სფეროდან წავიდა.
გააზიარეთ :