სამართალი
დამუქებული მინები, „დრიფტი“, ხმაურის დონე - კიდევ რის გამო დაჯარიმდებით?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები:
- დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
- დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
- შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
- კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.
გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.
ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
გააზიარეთ :