სამართალი
დერცელის სკოლის ყოფილ ბუღალტერს გაფლანგული თანხის უკან დაბრუნება სურს - ადვოკატი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის სოფელ დერცელის სკოლის ანგარიშიდან, ბუღალტრის პირად ანგარიშზე გადარიცხული თანხის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. დაკავებული ბუღალტრის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა და მოსამართლეს 10 000 ლარი შესთავაზა. ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებულს სკოლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სურს, რასაც საპატიმროში ყოფნით ვერ შეძლებს. ეს მოთხოვნა მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა არ დააკმაყოფილა და 28 წლის ნ.ჯ. პატიმრობაში დატოვა.
„პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ასევე მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, სასამართლო იქნება ლმობიერი“, - თქვა დაკავებულის ადვოკატმა, რაზეც პროკურორმა აღნიშნა, რომ ნ. ჯ.-ს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია.
„ბრალდებულმა არ დაასახელა ის ინფორმაცია ბოლომდე, რასაც გამოძება სთხოვდა. პირად ანგარიშზე რომ ჩაერიცხა ეს თანხა, გასაგებია, მაგრამ სად იქნა დახარჯული საბოლოოდ ეს თანხა? თანამშრომლობაში რას გულისხმობს ეს არის გაურკვეველი“, - თქვა პროკურორმა თამუნა ზურაბაშვილმა.
ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. დირექტორ მერაბ ბერიძეს მართმსაჯულება სამსახურეობრივ გულგრილობაში ედავება, ნ.ჯ.-ს კი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.„მერაბ ბერიძე აღიარებს, ინანიებს. ნდობამ გამოიწვია ეს, იმ ფაქტორმა, რომ ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ (ბუღალტერი დირექტორის სახლში ცხოვრობდა) და თვალდახუჭული ენდობოდა ბუღალტერს. ნამდვილად არ მოელოდა მისგან ამ ქმედებას. არანაირ სამართალდარღვევაში არ არის შემჩნეული და არათუ რამეს გამოიტანდა, პირიქით, თუკი რამეს აკეთებდა, სკოლისთვის წვალობდა. უდაოდ გავხადეთ მტკიცებულებები, ამიტომ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ჩვენს მიმართ დადგება გამამართლებელი განაჩენი“, - თქვა დირექტორის ადვოკატმა ნინო დემეტრაძემ.
პროკურორის თქმით, სკოლის თანხიდან გადარიცხვებს ბუღალტერი ახორციელებდა, ხოლო მიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრებოდა.
„ბრალდებულ მერაბ ბერიძეს უნდა განეხორციელებინა სკოლის ქონების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი, რაც არ გააკეთა და ენდო ბუღალტერს. თავისი გულგრილი დამოკიდებულებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით, სახელმწიფომ და სკოლამ იზარალა 142 629 ლარით და 70 თეთრით. 2019-2021 წლებში ნ. ჯ. თვეში რამდენჯერმე სკოლის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე თანხას ირიცხავდა ხელფასის დანიშნულების სახით, თუმცა ხელფასი ეკუთვნოდა თვეში ერთხელ. ბანოკომატის ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ჩარიცხული თანხები გამოაქვს თავად ნ.ჯ.-ს“, - აღნიშნა თავის შესავალ სიტყვაში პროკურორმა.
მომხდარის გამო მერაბ ბერიძე დერცელის საჯარო სკოლის დიექტორის თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს. იგი ამჟამად სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად რჩება.
შეგახსენებთ, რომ დერცელის ყოფილი ბუღალტერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016-2021 წლებში მუშაობდა.
გააზიარეთ :