სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის მიცემის ფაქტები 33.33%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაული 8.47%-ით შემცირდა. ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 7 თვეში სამოხელეო დანაშაულის 346 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.12% ანუ 80 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი ამ სახის დანაშაულის 378 ფაქტი აღირიცხა და მათგან 79, ანუ 20.9% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის მიცემის ფაქტები, შესაბამისად, 51.35%-ით, 32.26%-თა და 33.33%-ით.
კერძოდ, იანვარ-ივლისში სამსახურებრივი გულგრილობის - 56, სამსახურებრივი სიყალბის - 41, და ქრთამის მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა სხვა ტიპის დანაშაულები კი შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 62 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, 137 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 21 - ქრთამის აღების შემთხვევა დაფიქსირდა.