სამართალი
"წარდგენილ ბრალდებასა და მომხდარს შორის დიდი უზუსტობაა" -ადვოკატი
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი „მეცხრე არხთან“ საუბრობს. ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ ბრალის დადგენილების შესახებ წუხელ აცნობეს და დეტალები ჯერ არ გაურკვევია. მისივე ინფორმაციით, წარდგენილ მუხლსა და მომხდარ შემთხვევას შორის შეუსაბამობაა, რადგან მუხლის დეფინიციის მიხედვით ექიმმა პაციენტს თავად უნდა უთხრას, რომ დახმარებას არ გაუწევს, რაც რეალურად ბაქრაძის შემთხვევაში არ მომხდარა.
ბრალდებული ექიმის ადვოკატი გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ექსპერტის დასკვნა როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ის ბრალის წარდგენაზე გავლენას არ მოახდენდა.
„წუხელ დაგვირეკეს, ჯერ არ მინახავს ბრალის დადგენილება, ხვალ ვაპირებთ მისვლას და გავეცნობით. 130-ე მუხლის განმარტება ასეთია - ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს, რომ ის დახმარებას არ უწევს მას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“ - აცხადებს ბონდო ვათიაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წარდგენიდან 48 საათში გაიმართება აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ. სასამართლო პროცესები კი თბილისში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება დღეს, 28 დეკემბერს გამოიტანა.
გააზიარეთ :