ბორჯომელი კრიმინალური დაჯგუფების წევრი მადრიდში დააკავეს
მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ბორჯომის მკვიდრიც.
"კანონიერი ქურდების" დაკავება - ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია.
მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
საუბარია სულ მცირე 14 სახლზე. ესპანური მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა 7 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები. საერთაშორისო მედია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს.