დააკავეს სამი პირი, რომლებიც დაავადებული ცხენის ხორცს ყიდდნენ
საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით"-ნათქვამია განცხადებაში.