ბორჯომში, სოფელ ჩითახევთან მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომში, სოფელ ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, დღეს დილით კაცის ცხედარი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი იქვე, მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და შესაბამისი სამსახურები გამიძახეს. შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათისთვის მოხდა და შეტყობინებაც 112-ში ამ დროისთვის დაფიქსირდა.
ამ დროისთვის კაცის ცხედარი წყლიდან ამოყვანილი და ამოცნობილია. 70 წლამდე კაცი ადგილობრივია.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის, გადაუდებელი დახმარების და შსს-ს წარმომადგენლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.