გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისში, 14 წლის გოგოს მიერ ბავშვის გაჩენის საქმეზე გამოძიება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლით დაიწყო.
დღეს, 18 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა.
არასრულწლოვანის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.
„შემთხვევა ახლახან მოხდა და მე რამდენადაც ვიცი გუშინ საღამოს შეატყობინეს სამართალდამცავ უწყებებს. დღეს დაიწყო გამოძიება და დაკითხვები, მათ შორის სკოლის პერსონალის და ა.შ.
ჩვენი ინფორმაციით, ეს გოგო გაიტაცეს და მოტაცებით შექმნილ ეგრეთწოდებულ ოჯახში ცხოვრობდა და ახლა, როდესაც ფაქტი დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა იმშობიარა აქედან გახმაურდა ეს საკითხი“. - განაცხადა სამირა ისმაილოვამ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
წყარო:რადიო „მარნეული“