შსს-მ აქციის 20 მონაწილე დააკავა
პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
დაკავებულთა შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი კი რუსეთის. „აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებულთა შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ. მესამე მოსმენით საკითხის განსახილველად და მხარდასაჭერად 67 წამი დასჭირდათ - სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრო ოპოზიციამ.
ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მათგანს.
მოქალაქეს პოლიციელებმა პერანგი და მაისური შემოახიეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყეს.
პოლიციის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი დემონსტრანტის ცემა სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს. ეს მოქალაქესაც წრეში მოაქციეს და თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს.