შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.