შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.