გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საქართველოს პარლამენტმა, 27 ივნისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სამ კანდიდატთან ერთად აირჩია. გოჩა ჯეირანაშვილმა 78 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. ახალ პოზიციაზე საქმიანობას ახალციხის ყოფილი სასამართლოს თავმჯდომარე 18 ოქტომბრიდან შეუდგება.
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, გასაუბრებაში არ მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებში.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგომა და იმ დიდ საქვეყნო საქმეში მონაწილეობა, რასაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ჰქვია, რომელშიც საქართველოს პარლამენტი ძალიან დიდ როლს ასრულებს, უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შენარჩუნების და გამტკიცების მიზნით.
დღევანდელი პროცედურა, მიმაჩნია, რომ არის განსაკუთრებით წარმატებული და ვთვლი რომ დღეს-დღეობით საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია ისეთი კადრებით, საქართველოს პარლამენტის და რა თქმა უნდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ და თუ საქართველოს პარლამენტი მხარს დამიჭერს, მოხარული ვიქნები, თუ ამ დიდ საქმეში მივიღებ ასევე მონაწილეობას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი გავხდები“,-განაცხადა გოჩა ჯეირანაშვილმა გასაუბრების დაწყებამდე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 20 ივნისს საჯაროდ მოუსმინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, მათ შორის გოჩა ჯეირანაშვილს.
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის 2019 წელსაც იყო, თუმცა მის კანდიდატურას მაშინ მხარი არ დაუჭირეს.
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 9 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. იგი 2009 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე, განიხილავდა საქმეებს. მანამდე წალკაში ასევე მოსამართლედ მუშაობდა.
სასამართლომდე ჯეირანაშვილს 2002 წლიდან ჯერ პოლიციაში, მოგვიანებით პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ახალციხიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლედ გოჩ ჯეირანაშვილი 2018 წლის იანვარში გადავიდა.