შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.