რუსული კანონის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო 29-30 აგვისტოს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელი შევიდა - პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების. მოსარჩელეები კანონის გაუქმებას, იქამდე კი სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ თქვა, რომ სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება. სარჩელებს ხელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი და 200-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა ევროპულ სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამ საკონსტიტუციო სარჩელით ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციას გულისხმობს. პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, კანონი ასევე არღვევს 22-ე მუხლს, რომელიც გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს.საწყის ეტაპზე ოპოზიცია ითხოვს, სარჩელის განხილვების დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პრეცედენტული საქმე განიხილოს, რადგან, აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.