"შეიძლება დაგვჭირდეს პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვაც" - დავით დევიძე
"საქმის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება", - ასე უპასუხა საჯარო რეესტრის უფროსმა დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის კითხვას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გაცემას ეხებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობს, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ საჯარო რეესტრის წარმომადგენელს შემდეგი კითხვა დაუსვა - „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები რისთვის სჭირდება საჯაროო რეესტრს“.
„ვთქვათ, რაში გჭირდებათ რელიგიური აღმსარებლობა, სქესობრივი, ამას რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს? თუ მოგიტანე 20%-ის დამადასტურებელი [მონაცემი], რა საჭიროებაა იმისა, რომ სახელმწიფომ დაიწყოს გამოძიება, პირს რა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა, მისი პარტნიორი ვინ იყო, რა რელიგიური მრწამსი [აქვს/ჰქონდა] თუ ა.შ.“- აღნიშნა მოსამართლემ.