საბაჟო საზღვრებზე ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტები გამოვლინდა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულებმა საბაჟო საზღვარზე ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 577 497 ლარს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 -დან 11-წლამდე ვადით.