უკანონო ნადირობის რამდენი ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 - შიდა ქართლში, 46 - მცხეთა-მთიანეთში, 37 - ქვემო ქართლში, 35 - გურიაში, 12 - კახეთში, ასევე 12 - სამცხე-ჯავახეთში, 7 - აჭარაში, 2 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 381 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან კონტროლს ახორციელებენ.