დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. ეს დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა, რომლის მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი.
გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება. ისტორიულად, ეს თარიღი 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას ეფუძნება . მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს, ეს თარიღი გაერომ აღიარა სპეციალური რეზოლუციით.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღემ საფუძველი ჩაუყარა „აქტივიზმის 16 დღის“ დაწყებას, რომელიც წინ უსწრებს ადამიანის უფლებათა დღეს, ყოველი წლის 10 დეკემბერს.