სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 5 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 10 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 3 - ქვემო ქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1197 კუბური მეტრი შეადგინა.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.