საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე ოქროს უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. რაზეც მათივე ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, მათგან მოხდა ერთის დაკავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880.57 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.