დავით ახალკაცის პროცესი ხვალ გაგრძელდება
ახალციხეში, საახალწლო კონცერტზე დაკავებული დავით ახალკაცი, 48 საათის ამოწურვის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა მოწმეების დაკითხვა მომდევნო სხდომაზე, ხვალ, 23 დეკემბერს 13:00 საათზე გაგრძელდება.
მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, ხვალინდელ სხდომაზე, მოწმეებს დაკითხავენ, თუმცა მათ შორის სასამართლოს სხდომაზე არ დაიკითხება ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, დავით ახალკაცი 20 დეკემბერს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მაშინ დააკავეს, როცა ახალციხეში მთავარი ნაძვის ხის ანთების დროს სცენაზე მყოფებს მონა უწოდა.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე მუხლი პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.