კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის სასამართლო სხდომა გადაიდო
დღეს, 23 დეკემბერს ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ახალკაცის ადმინისტრაციული საქმის განხილვა სასამართლოში მოწმეების გამოკითხვით და ვიდეომტკიცებულებების განხილვით გაგრძელდა.
მოსამართლის წინაშე ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებმაც ახალკაცი საახალწლო კონცერტზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დაცვის მხარის თქმით, მოწმეებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
ადვოკატებმა პროცედურული დარღვევებიც დააფიქსირეს. “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
ახალკაცმა საახალწლო კონცერტის მონაწილეებს მონა 20 დეკემბერს დაუძახა. მან ნუცა ბუზალაძისთვის 18 000 ლარის გადახდა გააპროტესტა. დეპუტატის შეძახილმა ახალციხის მერის მოადგილე გააღიზიანა და ახალკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ადმინისტრაციული წესით მხოლოდ ახალკაცი დააკავეს.
დროებითი მოთავსების იზოლატორი მან 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. დავით ახალკაცის შემდეგი სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს 11:30 საათზე ჩაინიშნა.