სასამართლომ დავით ახალკაცი 2 000 ლარით დააჯარიმა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში კოალიცია "ცვლილებებისათვის" წევრის, დავით ახალკაცის ადმინისტრაციული საქმის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, ახალკაცი 2 000 ლარით დაჯარიმდა. სამართალდამცველები კი პროცესზე, ახალკაცისათვის 15 დღით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ჯარიმით შემოიფარგლა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ დავით ახალკაცი სამართალდამცველებმა 20 დეკემბერს, ახალციხეში საახალწლო კონცერტზე დააკავეს. სამართალდამცველები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.
მოსამართლემ, ახალკაცი 22 დეკემბერს სხდომიდანვე გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა და მოწმეების დაკითხვა გაგრძელდა. სხდომაზე დაიკითხნენ სამართალდამცველები, თუმცა არ დაუკითხავთ ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, რომელთან შელაპარაკების დროსაც პოლიციამ კოალიცია "ცვლილებების" წევრი დააკავა.