სასამართლომ მომღერალი „ლექს-სენი“ დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი ლექსო ქავთარაძე („ლექს-სენი“) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე მოსამართლე ნინი ენუქიძემ განიხილა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის 29 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა იდგა ნაძვის ხესთან და გზა არ გადაუკეტავს.
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, - განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც მომღერლის მხრიდან გზის გადაკეტვა ჩანს. საპირისპიროს ამტკიცებდა ლექსო ქავთარაძის ადვოკატი, ამიტომ მან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ შსს-ს შუამდგომლობა გაითვალისწინა და მომღერალს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.