რამდენი მძღოლი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში ზამთრის საბურავების გამოუყენებლობის გამო
2024 წლის განმავლობაში ზამთრის საბურავების გამოუყენებლობის გამო ჯამში 654 ჯარიმა გამოიწერა - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.
აქედან, ზამთრის საბურავის გამოუყენებლობის გამო 42 ჯარიმა სამცხე-ჯავახეთში დაიწერა.
როგორც ცნობილია, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ჩამონათვალშია როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 319 იმერეთის რეგიონში; 150 - ქვემო ქართლში; 59 - მცხეთა-მთიანეთში; 37 - კახეთში; 5 - შიდა ქართლში და 2 ჯარიმა თბილისში დაიწერა.
შეგახსენეთ, რომ ზამთრის საბურავების გარეშე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების აკრძალვა ძალაში 2024 წლიდან შევიდა. კანონის მიხედვით, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი ჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა უმცირდება 5 ქულით.