ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირია დაკავებული - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.