ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებიდან სამ პირს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნებათ – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა დღეს, 21 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღო.
ბრალდებულების დასაცავად ნოდარ ბერიძის, კობა შევარდენიძისა და ნოდარ ართმელაძის ადვოკატები არ გამოცხადდნენ. მათ ამის მიზეზი არც მოსამართლისთვის განუმარტავთ.
შემდეგი სხდომა 9 აგვისტოს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს, ღამით, ბრალდებულები ნინოწმინდაში ერთ–ერთ ოჯახში ფულის გატაცემის მიზნით შეიჭრნენ. წინააღმდეგობის გაწევისას 78 წლის ქალბატონს ერთ–ერთმა მათგანმა ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა ტყემლანის მკვიდრის ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.
|