ბაკურიანის მიწების საქმეზე დაკავებულ კომპანია ,,X ჯგუფის“ დამფუძნებელს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ მეტრეველს ბრალად 7 მილიონ ლარამდე ქონების დაკანონება ედება, საიდანაც პროკურატურის მტკიცებით, სარგებელს თავადაც იღებდა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
დაცვის მხარემ მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დააკმაყოფილდა. ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის მტკიცებით, ნიკოლოზ მეტრეველის წინააღმდეგ ჩვენებებს მხოლოდ პროკურატურის მიერ დაშინებული მოწმეები აძლევენ. მისივე თქმით, ეს საქმე სამოქალაქო დავის საგანია, თუმცა შეგნებულად არის გადაქცეული სისხლის სამართლის საქმედ, რადგან პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის განადგურება სურს.
ბრალდებიის მხარის თქმით, მეტრეველი 2011 წელსაც იყო ნასამართლევი. გარდა ამისა არსებობს მიმალვის საფრთხეც, აქედან გამომდინარე ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.
შეგახენებთ, რომ ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ოფისში 14 ივლისს აიყვანეს.
კომპანია ,,X ჯგუფმა“ იმ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა, რომელთა რეგისტრაციაც გამოძიებამ უკანონოდ ცნო. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა.
საქმეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24–180–ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მუხლი თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს, რაც ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე .
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდეგი სხდომა 5 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
|