ნინოწმინდელ არმენ მარკარიანის საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ადვოკატებმა მომდევნო ინსტანციაში გაასაჩივრეს.
მსჯავრდებულის ადვოკატის რევაზ კაჭკაჭიშვილის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაცხადის მიღებიდან ათი დღის ვადაში მის დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, პირველი პროცესის ჩასანიშნად მოსამართლეს ერთი თვის ვადა აქვს. საქმის განხილვა კანონმდებლობის მიხედვით ორ თვეში უნდა დასრულდეს.
მსჯავრდებულის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. დაცვის მხარე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას და გამამრთლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.
არმენ მარკარიანი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით შეუფარდა. მსჯავრდებულს ბრალად მეგობრის არშალუის სანოსიანის განზრახ მკვლელობა ედება, თუმცა იგი ირწმუნება, რომ კამათისას სანოსიანმა დანა მოუქნია, მან კი თავის დაცვის მიზნით, მეგობარს ცივი იარაღი წაართვა და გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა 2016 წლის 6 ივნისს მოხდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას განაჩენი, ცხრათვიანი მსჯელობის შემდეგ, მიმდინარე წლის 14 მარტს
გამოუტანა.
მარკარიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.