ნინოწმინდაში 11 წლის ბიჭს მიკროავტობუსი დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე 11 წლის ბიჭს "ფორდის" ფირმის მიკროავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევა 15 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. შსს–ს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არ მიმალულა. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში, შემდეგ კი ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის დირექტორის ალექსანდრ თოროიანის ინფორმაციით, ბავშვს თავის ტრამვა აქვს მიღებული და მხარი აქვს მოტეხილი. თოროიანის თქმით, მოზარდს ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში გაიწერა. კატასტროფის ჯგუფმა, ბავშვი გუშინვე გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
"ტელეკომპანია "ფარვანა"–ს ფოტო.