22 წლის მამაკაცმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა
22 წლის ახალციხელმა მამაკაცმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 26 ივნისს მოხდა. უწყების ინფორმაციით, პირველი კლასის რიგითმა ი.ი.–მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიყენა. იგი ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ახალგაზრდა სოფელ ადრიაწმინდიდან იყო. იგი მშობლიურ სოფელში უკვე გადაასვენეს. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
"მთელი სოფელი გაოგნებულია, არავინ იცის რა მოხდა. ახალციხეში მსახურობდა, მაგრამ შემთხვევის დროს მივლინებით იმყოფებოდა" - აცხადებს სოფელ ანდრიაწმინდაში გამგებლის წარმომადგენელი დავით ინასარიძე.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას განცხადებით ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს:
"2017 წლის 26 ივნისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურემ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს" – ნათქვამია თავდაცვის სამინიატროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.