მსხვერპლით დასრულებული ავარია ადიგენში
ადიგენში მომხდარ ავტოავარიას, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი „მე-9 არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაბა ადიგენთან ავტომანქანა მოცურდა და ბორდიურს დაეჯახა.
„მძღოლი ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდანაა. მისი ნათესავია გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი. სტუმრად იყო ადიგენში.“
შემთხვევა 6 ივლისს, საღამოს მოხდა. ავტომობილში მსხდომი ორი პირიდან ერთ–ერთი მათგანი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლისას გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, რომელიც საჭეს მართავდა, ადიგენის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მძღოლს სახეზე მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პირველადი დახმარება გაუწიეს, საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს და სახლში გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ძალოვან უწყებაში განმარტავენ, მათთან შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შევიდა, შესაბამისად გამოძიებაც ამ მუხლით დაიწყო. იმის გამო, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, საქმე გადაკვალიფიცირდება და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით გაგრძელდება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.