საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ურავლის ხეობაში მომხდართან ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს გამოძიების საწყის ეტაპზევე ყურადღება მიაქციონ საქმეში პოლიტიკური მოტივის შესაძლო არსებობას. განცხადებას "მეცხრე არხი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.
როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული იყოს დაზარალებულის პოლიტიკური აქტივობასა და შეხედულებებთან. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და გამოძიების ორგანოებმა გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას, გამოიკვლიონ საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივი, მიანიჭონ სათანადო კვალიფიკაცია (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლზე მითითებით) და დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშანი განიხილონ პასუხისმგებლობის დამძიმების კონტექსტში.
ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივით იყოს ჩადენილი, მით უფრო თუ ის იქნება ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო, დროულად უნდა იქნას გამოძიებული და აღკვეთილი შესაბამისი ორგანოების მიერ.
ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და დაპირისპირებისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 16 ივლისს თავდასხმა განხორციელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის, ბეგლარ კაპანაძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამავე ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობისთვის.[1] გამოძიებამ დაკითხა დაზარალებულები და ასევე ჩატარდა ექსპერტიზა, დამატებითი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, უცნობია.
დაზარალებულები თავდასხმაში ბრალს სდებენ პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, ზაზა გელაძესა და დასუფთავების სამსახურის უფროსს, გიორგი ლონდარიძეს.
ბეგლარ კაპანაძე იხსენებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე, თავდამსხმელებმა მას პოლიტიკური წარსული და "ნაციონალურ მოძრაობაში" მუშაობა შეახსენეს. შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც ბეგლარ კაპანაძეს, ასევე მის მამას და შვილებს, რომლებიც ოჯახის წევრების დასახმარებლად მივიდნენ. დაზარალებულები განმარტავენ, რომ ინციდენტში დაახლოებით 9-12 ადამიანი მონაწილეობდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება და წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობა. მათი განცხადებით, ბეგლარ კაპანაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ურაველში კანდიდატად უნდა დაასახელოს, რაც "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის გახდა ცნობილი და მას თავს დაესხნენ, რათა დააშინონ.[2]
თავის მხრივ, მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა "ქართული ოცნება" და სამართალდამცავებს მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.[3]
18 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაზარალებულებს; ჩვენ ასევე დავუკავშირდით ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე პირებს - ზაზა გელაძეს და გიორგი ლონდარიძეს, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
საია აგრძელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების და სახელმწიფოს მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების შესახებ" – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი, მის 23 წლის შვილი და 82 წლის მამა
დაშავდა.