ახალციხის სავაჭრო ცენტრში, ყალბი 100–ლარიანების გასაღების ფაქტის გამოძიებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველო აგრძელებს.
სისხლის სამართლის საქმე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, 2017 წლის 25 ივლისს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მდებარე ცენტრალურ ბაზარში მოქალაქემ ყალბი 100–ლარიანი კუპიურების გამოყენებით ხილი და ალკოჰოლური სასმელი ერთი თვის წინ
შეიძინა.
“გამოძიების მიერ ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100–ლარიანი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კუპიურები არის ერთი და იმავე ნომრით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს. ისინი შესრულებულია კუსტარულად - ფერადი ასლგადამღები ტექნიკის გამოყენებით. გამოძიების მიერ ჩატარებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხულია არაერთი მოწმე, თუმცა დამნაშევე პირი გამოძიების ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.” – ამბობენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის დამზადება–გასაღებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს
შსს–ოს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის გამოძიება, “მე–9 არხის” ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 5 ივლისს დაიწყო.